ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

პუბლიკაციის პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა

11 მარტი, 2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, ქალაქ ახალციხეში, სასტუმრო „ახალციხე ინნ“-ში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ პუბლიკაციის პრეზენტაციას და ფოტოგამოფენას დაესწრო.

ღონისძიება ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და სოფლად მცხოვრები ქალების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ირაკლი ლაზარაშვილმა დამსწრე ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა და აღნიშნა - „ქალებს მართლაც საპასუხისმგებლო მისია აკისრიათ, მით უფრო სოფლად მცხოვრებ ქალებს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო პარტნიორები, ადგილობრივი სამთავრობო უწყებები და სამოქალაქო საზოგადოება ვთანხმდებით ერთ საერთო მიზანზე - ეს არის სწორედ სოფლად მცხოვრები ქალების მხარდაჭერა, მათი გაძლიერება და კეთილდღეობის ხელშეწყობა“.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა, თუ როგორ ცვლიან ქალები საკუთარი ოჯახების, სოფლებისა და თემების ცხოვრებას უკეთესობისკენ, რა სირთულეების გადალახვა უწევთ მათ.

შეხვედრას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი ბარბარა ბონი, ავსტრიის საელჩოს ტექნიკური თანამშრომლობის საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური მედიის ექსპერტი (პუბლიკაციის ავტორი) ნინო ნატროშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში ფარგლებში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

``

+20

გააზიარე