ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საპარტნიორო ფონდი

სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს.

ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი "BB", რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

„საპარტნიორო ფონდი" შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.).

საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:

1. აქტივების მართვა - ფონდის მართვაში არსებული აქტივების ჯამურმა ბრუნვამ 2017 წელს 750 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან:

  • საქართველოს რკინიგზა - 100% წილი
  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - 100% წილი
  • საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა - 100% წილი
  • ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი - 100% წილი
  • სს თელასი - 24.5% წილი

საქართველოს რკინიგზა და ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენენ „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს.

2. საინვესტიციო საქმიანობა - ამჟამად ფონდის პორტფელშია რამდენიმე პროექტი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, რომელთა ჯამური ღირებულება აღემატება 2.5 მილიარდ აშშ დოლარს. ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია კერძო ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. ფონდისთვის მნიშვნელოვანია კომერციულად მომგებიანი პროექტების მხარდაჭერა საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებში, რომლებიც გამოირჩევა განვითარების დიდი პოტენციალით. მათ შორის შემდეგ სექტორებში: ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა , წარმოება, უძრავი ქონება და ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა.

დაფინანსებისთვის განიხილება მხოლოდ კომერციულად მიზანშეწონილი პროექტები, რომლებსაც გამოცდილი პარტნიორები ან დაქირავებული სპეციალიზირებული ოპერატორები მართავენ.

ფონდი ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიან თანადაფინანსირებაში გამოისახება. იგი პასიური პარტნიორის როლში იღებს მონაწილეობას როგორც Greenfield (ახალი ბიზნეს ინიციატივები), ისე Brownfield პროექტებში (ინვესტიცია არსებულ ბიზნესში), წინასწარ განსაზღვრული გასვლის სტრატეგიით. ფონდი პროექტში თავისი მონაწილეობის პარალელურად, ასევე ხელს უწყობს პროექტებისთვის უპირატესი დაფინანსების მოპოვებას კომერციული წყაროებიდან და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან.დაფინანსება ფონდის მხრიდან ხდება კაპიტალში მონაწილეობით და ზოგიერთ შემთხვევაში სუბორდინირებული (კონვერტირებადი და არა-კონვერტირებადი) სესხების მეშვეობით.

ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში არ უნდა აღემატებოდეს კაპიტალის 50%-ს. დაფინანსებასთან ერთად, ფონდი პარტნიორს და მმართველ გუნდს ეხმარება გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაში.

პროექტის იდეის გენერირება და ინიცირება შესაძლებელია მოხდეს:

  • კერძო ინვესტორის ინიციატივის საფუძველზე ან
  • ფონდის მიერ. პირველ შემთხვევაში ინვესტორი წარმოადგენს პროექტს, რომელსაც ფონდი განიხილავს. მეორე შემთხვევაში, ფონდი თავად ეძებს კერძო ინვესტორს კონკრეტული პროექტისთვის, წინასწარ განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის საფუძველზე.

ფონდის უპირატესობები:

სტრატეგიის ფუნდამენტური ასპექტები

„საპარტნიორო ფონდი" აწარმოებს პროექტის სიღრმისეულ ანალიზს (ფინანსური ანალიზი, ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ზრდის პოტენციალი, სტრატეგიის რელევანტურობა, მმართველი გუნდის უნარი განახორციელოს შეთანხმებული სტრატეგია).

სფეროს ექსპერტული ცოდნა

სპეციფიურ სექტორებზე ფოკუსირება უზრუნველყოფს „საპარტნიორო ფონდის" გუნდის ექსპერტულ ცოდნას ამ სექტორების შესახებ.

სტაბილურობა

„საპარტნიორო ფონდის" საშუალო და გრძელვადიანი თანამონაწილეობა პროექტებში წინასწარ განსაზღვრული პირობებით.

კონტაქტი


info@fund.ge

(+995) 322 99 04 48

ვ. ბერიძის 6, თბილისი 0108


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://www.fund.ge

გააზიარე