ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მძლეოსნობაში "ახალციხის ღია პირველობაზე" ჩემპიონატი გაიმართა

29 აპრილი, 2022

ახალციხის, მიხეილ იაძის ცენტრალურ სტადიონზე, მძლეოსნობაში "ახალციხის ღია პირველობაზე" ჩემპიონატი გაიმართა.

მძლეოსნობის ტურნირში ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა.

ერთმანეთს სხვადასხვა მანძილზე რბენაში შეეჯიბრნენ ახალციხის, თბილისის, ასპინძის, ბორჯომის, ქუთაისის, ბათუმის, ფოთის, ოზურგეთის, ხობისა და ვანის გუნდები.

გამოვლინდნენ სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებსაც სერთიფიკატები, მედლები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. მათ შორის ახალციხელმა მძლეოსნებმა 15 საპრიზო ადგილი დაიკავეს და 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი გადაინაწილეს.

I ადგილი და ოქროს მედლები მოიპოვეს ახალციხელმა მძლეოსნებმა: მინდია ენდელაძემ 100 მეტრ რბენაში და სიგრძეში ხტომაში, მარიამ კაპანაძემ 2 კილომეტრიან მანძილზე რბენაში, გაიანე უსტიანმა 800 მეტრ რბენაში და სამველ ჯიშიანმა 1500 მეტრ რბენაში.

II საპრიზო ადგილებისა და ვერცხლის მედლების მფლობელები გახდნენ: ჟორა მანველიანი 800 მეტრ რბენაში, გევორქ სარქისიანი 1500 მეტრ რბენაში, ასია ჩარუხჩიანი 1500 მეტრ რბენაში, ალექსანდრე კიურქჩიანი 300 მეტრ რბენაში, აკოფ შუშანიანი 300 მეტრ რბენაში.

III ადგილზე გავიდნენ და ბრინჯაოს მედლები აიღეს: შალვა ლეკიშვილმა 100 მეტრ რბენაში, ლუსი ხანიკიანმა 1500 მეტრ რბენაში, ჰაიკ მარქარიანმა 800 მეტრ რბენაში, ლევონ ქოსიანმა 300 მეტრ რბენაში. ასევე, 4x400 მეტრ ამანათრბენაში მინდია ენდელაძემ, გაიანე უსტიანმა, ქეთი იაკობაძემ და ჟორა მანველიანმა.

ტურნირი ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბის ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

+4

 

გააზიარე