ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეს ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი ეწვია

29 აპრილი, 2022

ახალციხეს ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი სამხარეო ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილეს შალვა ბერძენიშვილს და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი ლაზარაშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებულ კეთილმეგობრულ ურთიერთობებზე და სამომავლოდ რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. თომას მიულმანი, სამცხე-ჯავახეთის მხარეში არსებული მდგომარეობით და პოტენციალით დაინტერესდა.

დღესვე, ახალციხის ციხეზე საელჩოს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის, ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება. მას პრემია 1905 წელს მიენიჭა.

გამოფენენაზე აღინიშნა, რომ ბერტა არა მხოლოდ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი პირველი ქალბატონი იყო, არამედ სწორედ მან დაარწმუნა თავისი მეგობარი ალფრედ ნობელი, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია დაეწესებინა. ბერტა მსოფლიო მასშტაბით სამშვიდობო მოძრაობის მოწინავე ფიგურას წარმოადგენდა, ზოგჯერ მისი იდეების გამო დასცინოდნენ და კარიკატურებს ხატავდნენ წარწერით „მშვიდობის ბერტა“. იგი იბრძოდა ნაციონალური ფანატიზმის, აგრესიული მილიტარიზმის და ანტისემიტიზმის წინააღმდეგ. სურდა ევროპის ქვეყნები მშვიდობის სახელით გაერთიანებულიყვნენ. იგი აქვეყნებდა მრავალრიცხოვან სტატიებს, დაწერა რომანი მშვიდობასა და ქალთა პრობლემებზე.

გამოფენის გახსნისას ელჩმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბერტა ფონ ზუტნერი წლების განმავლობაში მეუღლესთან არტურ ფონ ზუტნერთან ერთად სწორედ საქართველოში ცხოვრობდა. აღინიშნა ისიც, რომ მისი იდეები თანამედროვე მსოფლიოში აქტუალურია

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მთარგმნელმა მზია გალდავაძემ ბერტა ფონ ზუტნერის წიგნი „წერილები საქართველოდან“ წარუდგინა.

გამოფენის გახსნას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელოვნებო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ქალაქის საზოგადოება დაესწრნენ.

გამოფენის დათვალიერება მსურველებს ახალციხის ციხეზე, ერთი თვის განმავლობაში შეეძლებათ.

+10

 

გააზიარე