ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

30 წელი სოხუმის დაცემიდან

27 სექტემბერი, 2023

30 წელი სოხუმის დაცემიდან

დღეს, 27 სექტემბერს, ქალაქ ახალციხეში, აფხაზეთში 30 წლის წინ განვითარებული ტრაგიკული მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, სამცხე-ჯავახეთის ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა ზურაბ ფარცახაშვილმა, ვეტერანებმა, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელებმა ქალაქის ცენტრალურ პარკში, სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით და გვირგვინებით შეამკეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხდა მამა იოანე გელაშვილმა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“.

„დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ 30 წლის წინ დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის გარდაცვლილ გმირთა გასახსენებლად. ჩვენ ვართ შეკრებილები პაატა ნათენაძის ქუჩაზე, რომელიც სწორედ პირველი ემსხვერპლა ამ ომს ჩვენი ქალაქიდან. ვალდებულები ვართ ჩვენი გმირებისა და ქვეყნის წინაშე დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, რათა ჩვენმა შვილებმა გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრონ“ - განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საომარი მოქმედებები 13 თვის და 13 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. შედეგად, 300 ათასზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში, უგზო-უკვლოდ დაიკარგა 5 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლე და ათასობით ქართველმა მებრძოლმა საკუთარი სიცოცხლე შესწირა სამშობლოს.

+18

 

გააზიარე