ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხის ციხეზე

21 აპრილი, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის, ასოციაცია „ტოლერანტისა“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, დღეს ახალციხის ციხეზე დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, თემაზე „გაუფრთხილდი დედამიწას, დაიცავი სახლი სადაც შენ ცხოვრობ“.

ღონისძიების ფარგლებში, ქალაქის საჯარო სკოლებისა და შესაბამისი პროფილის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით მოეწყო ნახატების, ხელნაკეთი და ნარჩენებისგან დამზადებული ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა, ასევე გაიმართა დეფილე ეკოლოგიურ თემატიკაზე. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები გარემოსდაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე, ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად იმსჯელეს დედამიწის დღის აღნიშვნის მნიშვნელობაზე და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე.

ღონისძიების ფარგლებში, ასოციაცია „ტოლერანტის“ კონკურსის - ,,ეფექტური სლოგანი ნარჩენების მართვის თემაზე" გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ, რომელთა ნამუშევრები ბანერების სახით განთავსდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

სპეციალურმა ჟიურიმ ასევე შეაფასა გამოფენებზე წარმოდგენილი ნამუშევრებიც. მონაწილეებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისგან და ღონისძიების ორგანიზატორებისგან სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ასოციაცია ,,ტოლერანტი", ,,ღია საზოგადეობის ფონდის“ დაფინანსებით ახორციელებს პროექტს „ნარჩენების მართვის მონიტორინგი და ადვოკატირება ახალციხის მუნიციპალიტეტში“. პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმის შესრულების მონიტორინგს და ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას გარემოსდაცვისა და ნარჩენების მართვის თემაზე.

 

გააზიარე