ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით

24 თებერვალი, 2020

„ახალგაზრდობის სააგენტო“, რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და არაფორმალური განათლების განვითარების მიზნით მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც ათივე რეგიონში თანაბრად განაწილდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა და ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა კონკურსთან დაკავშირებით სააგენტოს წარმომადგენლებისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.

კონკურსი 2020 წლის 24 თებერვლიდან დაიწყება, საკონკურსო წინადადებების შემოტანა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს 31 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. სააგენტოს მილიონიანი ფონდიდან საერთო ჯამში, 20-დან 30-მდე ახალგაზრდული ორგანიზაცია, თითოეულ რეგიონში კი 2-დან 3 ახალგაზრდულ ორგანიზაციამდე დაფინანსდება.

რეგიონულმა ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა საკონკურსოდ გრძელვადიანი და განმეორებადი შედეგების მომტანი პლატფორმული პროექტები უნდა წარმოადგინოთ, რომლებიც არაფორმალური განათლების გზით უზრუნველყოფენ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კომპეტენციების ზრდას, მხარდაჭერას გაუწევენ ახალგაზრდულ ინიციატივებს და უზრუნველყოფენ მათ ჩართულობას ადგილობრივ და საზოგადოებრივ ეკონომიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში.

საგრანტო კონკურსს ახალგაზრდობის სააგენტო სამწლიანი რეფორმის ფარგლებში ახორციელებს, რომელიც ევროპული მოდელით შეიქმნა და მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას, რაც საერთო ჯამში ქმნის ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემას.

გააზიარე