ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა

2 მარტი, 2021

ქალაქ ახალციხეში, გიორგი V ბრწყინვალეს მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის ესკიზისა და „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ არქიტექტურულ-მხატვრული კომპოზიციის განსათავსებლად გამოცხადებული კონკურსები დასრულდა.

დღეს, 2 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის ფოიეში, საკონკურსო ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომლის დათვალიერება 10 მარტის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გიორგი V ბრწყინვალეს ძეგლის ესკიზის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში 13 ნამუშევარი იქნა წარმოდგენილი, ხოლო „სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა მემორიალის“ შესარჩევ კონკურსში 9 ესკიზი.

გამოფენა სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, რწმუნებულის მოადგილემ შალვა ბერძენიშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ, კულტურისა და განათლების სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის მერიისაა და საკრებულოს, სამეცნიერო და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.

კონკურსები ტარდება თბილისის სკულპტორთა და არქიტექტორთა ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობით. საკონკურსო კომისია მიმდინარე წლის 10 მარტს გამოავლენს გამარჯვებულებს, მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ მონაწილეებს კი ფულადი პრიზები გადაეცემათ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი V ბრწყინვალე - დემეტრე II თავდადებულისა და ნათელა ჯაყელის ძეა, რომელიც სამცხეში, თავისი პაპის მანდატურთუხუცეს ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა. გიორგი ბრწყინვალეს მეფობის პერიოდში აღდგა საქართველოს ერთიანობა, განმტკიცდა სამეფო ხელისუფლება და აღორძინდა მონღოლთა ბატონობისგან დაქცეული ქვეყანა. სწორედ ამიტომ მადლიერმა შთამომავლობამ მას "ბრწყინვალე" უწოდა. გამომდინარე ზემოთთქმულიდან, საზოგადოებაში გაჩნდა იდეა და სურვილი, რომ სწორედ ახალციხეში განთავსებულიყო მეფე გიორგი ბრწყინვალეს ძეგლი

გააზიარე