ფეხბურთის ფესტივალი ახალციხეში
8-9 ივნისს, ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით, ფეხბურთის ფესტივალი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში მხარის მუნიციპალიტეტების გუნდებთან ერთად, ახალციხის სპორტული გაერთიანების ნორჩ ფეხბურთელთა გუნდიც მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სპორტულ გაერთიანებასა“ და საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" აკადემიას შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში ახალციხელმა მწვრთნელებმა ნუგზარ ბექაურმა და ვალერი ჭრელაშვილმა გადამზადების სპეციალური კურსი გაიარეს და დღეისათვის „დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის მეთოდოლოგიით 32 ახალციხელი ბავშვი ვარჯიშობს.
ფესტივალს საფეხბურთო სკოლის დირექტორი ლევან გვანცელაძე, პროექტის მენეჯერი გია ისიანი, რეგიონული კოორდინატორი გოჩა ჩიქოვანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გოჩა ბერიძე და ა(ა)იპ „ახალციხის სპორტული გაერთიანების“ დირექტორი ზიგმუნდ ზილბერშტეინი ესწრებოდნენ.
ღონისძიების ბოლოს, თასებით დაჯილდოვდნენ საფეხბურთო ფესტივალში მონაწილე გუნდები, ასევე ონლაინ მაღაზია isurve.ge-მ ნორჩ სპორტსმენებს საჩუქრად სავარჯიშო ინვენტარი გადასცა.
წარმატებებს ვუსურვებთ ახალციხის საფეხბურთო გუნდს, დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიასა და მაღაზია isurve.ge -ს კი მადლობას ვუხდით ბავშვების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.