ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალი წიგნების წარდგენა მკითხველის წინაშე

19 მარტი, 2021

ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მკითხველს ანზორ თამარაშვილის „მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, მერაბ ბერიძის „ვალის ტოპონიმია“ და მიხეილ იაძის ნახატების ალბომი წარუდგინეს.

ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, წიგნების მნიშვნელობაზე, მათ ავტორებზე და დამსახურებაზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მერაბ ბერიძეს გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, წიგნები და მონოგრაფიები.

ანზორ თამარაშვილის სამუსიკო ენციკლოპედიურ ლექსიკონში მოცემულია სტატიები მუსიკალური ხელოვნების მოღვაწეებზე, კომპოზიტორებზე, შემსრულებლებზე და მუსიკათმცოდნეებზე. გამოცემა განკუთვნილია მუსიკის მოყვარულთათვის.

თვითნასწავლი მხატვრის მიხეილ იაძის შემოქმედება საოცარი ფერთა შეხამებით ასახავს მესხეთის თემატიკას, მის წარსულს, ხუროთმოძღვრებას და ფოლკლორს. მხატვარს სიცოცხლეშივე უწოდეს „მესხეთის ფიროსმანი“

პროფესორმა მერაბ ბერიძემ და მუსიკათმცოდნემ ანზორ თამარაშვილმა წიგნებზე მუშაობის პერიოდი გაიხსენეს. ზურაბ იაძემ კი, მამის მიხეილ იაძის შემოქმედება კიდევ ერთხელ გააცნო დამსწრე საზოგადოებას და ალბომში შესული ნამუშევრების შექმნის ისტორიაზე გაამახვილა ყურადღება. აუდიტორიამ წიგნები დადებითად შეაფასეს და მადლობა გადაუხადეს, როგორც ავტორებს ისე, ღონისძიების ორგანიზატორებს.

საღამოს სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე დავით ლომიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკატერინე ორჯონიკიძე, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდნენ.

აღნიშნული წიგნები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გამოიცა. 

გააზიარე