ახალციხის სამუსიკო სკოლის შემაჯამებელი კონცერტი
ახალციხის სამუსიკო სკოლაში წლის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში ქალაქ ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
პატარა ვირტუოზები და სამუსიკო სკოლის პედაგოგები სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის ნაწარმოებებით და სიმღერებით წარსდგნენ. მათ აუდიტორიისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
ღონისძიებას ახალციხისა და ტაო -კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, მერის პირველი მოადგილე ილია ზარდიაშვილი, მოადგილეები ვაჟა გაჩეჩილაძე და რუბენ კარაპეტიანი, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალაქის საზოგადოების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთ აქტიურ და მაღალპროფესიულ დაწესებულებას წარმოადგენს. ა(ა)იპ-ის შემადგენლობაში არის ქალაქ ახალციხის, ქალაქ ვალის და სოფელ აწყურის სამუსიკო სკოლები.