ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხე ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე

28 ნოემბერი, 2019

მიმდინარე წლის 21-23 ნოემბერს, ქალაქ ვარშავაში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „TT Warsaw” გაიმართა, რომელშიც საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კოორდინაციითა და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღო ახალციხის მუნიციპალიტეტმა.

ღონისძიების ფარგლებში, გამოფენის სტუმრებს ახალციხის მერიისა და ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ წარმომადგენლები, 3 დღის განმავლობაში აცნობდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს და შესაძლებლობებს.

დიდი ინტერესი გამოითქვა ტურისტული სააგენტოებიდან მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების, სასტუმროების, კვების ობიექტებისა და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, დარიგდა 400 მდე ბროშურა და რუქა.
შეხვედრები გაიმართა ასევე, გამოფენაზე სტუმრად მყოფ ელჩებთან, რომლებსაც მუნიციპალიტეტის სახელით სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. ვარშავის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე კი, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი განიხილეს, რომლის მიზანი ევროპაში არსებული ციხეების პოპულარიზაციაა. პროექტის ფარგლებში, უკვე შექმნილია ვებ გვერდი ევროპის ციხეების შესახებ და პოლონური მხრიდან არის მზადყოფნა, რომ ახალციხის ციხეც განთავსდეს აღნიშნულ ვებ გვერდზე. მათივე ინფორმაციით, შექმნის პროცესშია მობილური აპლიკაციაც, სადაც ასევე უსასყიდლოდ დაამატებენ ახალციხის ციხეს.

გარდა ამისა, ბულგარეთის რესპუბლიკის ქალაქ ვარნას წარმომადგენლებმა თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და დაინტერესდნენ რეგიონის შესაძლებლობებით.

ვარშავის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც 50 ქვეყნის 500-ზე მეტმა ტურისტულმა კომპანიამ და ტურიზმის ბიზნესში მოქმედმა ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა.


 

გააზიარე