Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საბავშვო ბაღებში 2021 წელს გაწეული მუშაობის შეჯამება

13 January, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა 2021 წელს გაწეული მუშაობა და განხორციელებული პროექტები შეაჯამა და 2022 წელს დაგეგმილ აქტოვობებზე ისაუბრა.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით ტაბატაძე, სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ელენა ბეგიაშვილი და საბავშვო ბაგა-ბაღების მენეჯერები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყრუთში, სვირსა და ანში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა, ხოლო სხვილისისა და ელიწმინდის საბავშვო ბაღებს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდათ. 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქ. №24-ში.

მარინა მერაბიშვილის ინფრომაციით საბავშვო ბაღებში მოწესრიგდა სამზარეულოები და სველი წერტილები. შეძენილი იქნა ელექტო ტექნიკა, წიგნები და სათამაშოები.

სამცხე -ჯავახეთის განვითარების ცენტრმა კი „world vision საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით საბავშვო ბაღების მასწავლებლებისთვის ტრენინგები ჩაატარა. ასევე, სამიზნე ბაღებისთვის სათამაშოები და პორტატული პლანშეტები შეიძინა.

ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში საძელსა და პამაჯში არსებულ საბავშვო ბაღებში განათლების სამინისტროს მიერ ხორციელდება ბილინგური სწავლების პროგრამა, რომლის ფარგლებში გადამზადნენ აღმზრდელი პედაგოგები და პერსონალი.

არასამთავრობო ორგანიზაციის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამა მომზადდა. დაწესებულებას კი კომპიუტერები და პრინტერი გადაეცა.

გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ნორვეგიის განვითარების ფონდის მიერ ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაღში მიმდინარეობს საპილოტე პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აღმზრდელი პედაგოგების გადამზადებას და განმავითარებელი რესურსების შეტანას.

2021 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებში ჩატარდა გამოსაშვები, საშემოდგომო და საახალწლო აქტივობები.

შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მენეჯერებისგან საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს და მომავალშიც მხარდაჭერა აღუთქვეს.

Share page