ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი ახალციხეში

4 ოქტომბერი, 2019

სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდობის განვითარებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობის მიზნით დღეს, ახალციხეში „სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდული ფორუმი“ გაიმართა.

ღონისძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision საქართველოს“ ერთობლივი თანამშრომლობით შედგა. ფორუმის ფარგლებში ახალციხის ციხის ციტადელზე, ახალგაზრდებთან მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალგაზრდული პროგრამების გამოფენებიც გაიმართა.

ფორუმზე ახალგაზრდული პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალცხის მერმა ზაზა მელიქიძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი კოპაძემ. ფორუმს ესწრებოდა პრემიერ-მინისტრთან არსებული ახალგაზრდული სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი, რომელმაც ეროვნულ დონეზე ახალგაზრდული სფეროს ძირითად პრიორიტეტები გააცნო ღონისძიების სტუმრებს, მან ასევე ხაზი გაუსვა დღევანდელი ფორუმის მნიშვნელობასა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მიღწევებს ამ მიმართულებით. სფეროში არსებული გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაციით წარსდგა ფორუმის ერთ-ერთი ორგანიზატორი World Vision საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი გიორბელიძე. ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ.

ახალგაზრდულ ფორუმზე პრეზენტაციით წარსდგა ასევე ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების სპეციალისტი მარიამ ზაზაძე. მან მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.

რეგიონალური ახალგაზრდული ფორუმის მიზნებია: ახალგაზრდული საქმიანობის პოპულარიზაცია რეგიონის დონეზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალგაზრდებთან მომუშავე სტრუქტურებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა, ცენტრალურ მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და სექტორთშორისი დიალოგის მხარდაჭერა.

ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, მხარის ექვსივე მუნიციპალიტეტის, რეგიონში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გააზიარე