ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეში ვეტერანთა დღე აღნიშნეს

17 ოქტომბერი, 2019

დღეს, 17 ოქტომბერს ქალაქ ახალციხეში ვეტერანთა დღე აღნიშნეს.

ახალციხის ცენტრალურ პარკში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლმა ვეტერანებმა, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლებმა ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.

ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ახალციხის მერიაში საზეიმო შეხვედრითა და ვეტერანებს შორის ნარდში შეჯიბრით გაგრძელდა, გამარჯვებულებს კი მერიისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.

შეხვედრაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ, სამხარეო ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ეკატერინე ორჯონიკიძემ, ვეტერანთა საქმეების რეგიონული სამმართველოს უფროსმა დავით ფეიქრიშვილმა და ძალოვან ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარემ ვლადიმერ ზედგინიძემ.

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, ახალციხის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 11 ვეტერანს ერთჯერადი ფულადი დახმარება გაუწია. გარდა ამისა, მათ ყოველთვიურად ერიცხებათ ფულადი დახმარება მუნიციპალიტეტისაგან.

ვეტერანთა დღე საქართველოში 2014 წლის 17 ოქტომბრიდან აღინიშნება.


 

გააზიარე